„სახალხო კრება“ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპკორპუსს ზაზა სოფრომაძის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
„სახალხო კრება“ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპკორპუსს ზაზა სოფრომაძის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
19:22 27.07.2012
„სახალხო კრება“ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს „დემოკრატიული  მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრის და რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის ზაზა სოფრომაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

როგორც კრების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „სოფრომაძის დაკავება საზოგადოებას მოაგონებს, რომ ნეობოლშევიკურ ქვეყანაში ცხოვრობს“, სადაც ადამიანებს, 1937 წლის მსგავსად, დილის 4 საათზე აკავებდნენ.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაზარდა ტერორი რეალურად ოპოზიციურ ძალებზე და პოლიტიკური ლიდერების დაკავებაზე გადავიდა“-ნათქვამია კრების განცხადებაში.

„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო, აღნიშნული ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისკენ, რათა „პოლიტიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქეების დევნა და ტერორი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს“.

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი და რეგიონალური ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე წუხელ საკუთარი სახლიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს. მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სოფრომაძე დაკავებული არ იყო და მას მოწმის სტატუსით კითხავენ. იგი ისევ პროკურატურაშია და დაკითხვაზე ადვიკატის დაშვებაზე უარს აცხადებს.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, კითხვები მის ყოფილ საქმიანობას უკავშირდება, თუმცა, კონკრეტულად რა საკითხს ეხება, ჯერჯერობით უცნობია.

სხვადასხვა პერიოდში ზაზა სოფრომაძე მუშაობდა საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგედ, სანატორიუმ „თბილისის” მთავარი ექიმის მოადგილედ, სანატორიუმ „სამგურალის” მთავარ ექიმად.
2004 წლიდან ის სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ კი, ამავე ფონდის გენერალური დირექტორი იყო.

2008 წლიდან იგი სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფში” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორად მუშაობდა.
სოფრომაძე 1995 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობების ქვეკომიტეტს თავმჯდომარეობდა.

ბეჭდვა