ბრიუსელში, ხვალ, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი
დონის პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი უხელმძღვანელებს. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე, საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები მიიღებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. ის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას ნათლად წარმოაჩენს და ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს. შეხვედრაზე ახალი ინიციატივებისა და პროექტების წარდგენა და იდენტიფიცირება მოხდება, რომელთა განხორციელებაც კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ევროკავშირთან სხვადასხვა დარგში კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს.
ევროკომისიასთან განსახილველი თემატიკა ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა: ეკონომიკა, ვაჭრობა და კომუნიკაციები, განათლება მეცნიერება, კულტურა და ინოვაციები, მართლმსაჯულება, შიდა უსაფრთხოება სამოქალაქო დაცვა.
უმაღლესი დონის შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი გახსნიან, რის შემდეგაც თემატური დისკუსიები გაიმართება, ფორმატი ასევე, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით სექტორული ხასიათის შეხვედრებს ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით დაგეგმილი უმაღლესი დონის პირველი შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას და დოკუმენტს, რომელიც საერთო ჯამში საქართველოსთვის 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
კერძოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი ხელს მოაწერენ შემდეგ დოკუმენტსა და შეთანხმებებს: „უნარების განვითარების მხარდაჭერა“, „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში“, ხელი ასევე მოეწერება დოკუმენტს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework – SSF) 2018 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე.
პრემიერ მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან; პრემიერ მინისტრის გამოსვლა კარნეგის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით მიღება გაიმართება. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გამოსვლა გაიმართება.
