საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდის მოსამზადებელი
შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით გალის რაიონში არსებულ მძიმე ვითარებას, სადაც საოკუპაციო რეჟიმი ადგილობრივ ქართველობას უცხოელებად დარეგისტრირებას და საკუთარი იდენტობის შეცვლას აიძულებს. აღინიშნა ახალგორის რაიონში ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა. აქცენტი, ასევე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე გაკეთდა და ამ მიმართულებით არსებული სიტუაციის შეცვლის აუცილებლობას ხაზი გაესვა.
ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სისტემატიურ დარღვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და გახშირებულ სამხედრო წვრთნებზე. საქართველოს დელეგაციის წევრებმა სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. მათ უკანონო დაკავებებისა და გატაცებების მძიმე შედეგებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას ხელს უწყობს და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა კვლავ მწვავედ დააყენა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თემებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული პოზიციის გამო, გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) შეჩერებული შეხვედრების უმოკლეს ვადაში განახლების აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუფერხებელ ფუნქციონირებას, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით.
ლაშა დარსალიამ თანათავმჯდომარეებს მიმართა ძალისხმევის შემდგომი გაძლიერების თხოვნით, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების გზით შესაძლებელი გახდეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა.
ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს გაიმართება.
