საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს
17:09 19.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ლაშა დარსალიამ და ალექსანდრე ხვთისიაშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს. აღნიშნულ კოლეჯი მაღალი თანამდებობის დიპლომატების, სამხედრო პირებისა და ეროვნული უსაფრთხოების დარგის სპეციალისტების გადამზადებას ახორციელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილეებმა კოლეჯის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ყურის არაბულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გააქტიურების მნიშვნელობა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. მხარეებმა მიმოიხილეს და გაცვალეს ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გამართავს შეხვედრებს სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებთან. ვიზიტის მიზანია რეგიონში მიმდინარე პროცესების მიმართ საქართველოს ხედვის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ეკონომიკური რეფორმების გაცნობა. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობების ინტენსიფიკაციისა და კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობას.

ბეჭდვა