საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა მალაშხიას განცხადებით, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საქართველოში
ედურდ შევარდნაძის დროინდელი „ჯიგრული სახელმწიფოს“ დაბრუნება უნდა.
ამის შესახებ მალაშხიამ „ნიუსპრესს“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერის, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის კახი კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ორმაგი ოდენობის ფული აქვთ და ამ მხრივ მათ პრობლემა არ შეექმნებათ, თუ მისი გამოყენება კანონის ფარგლებში მოხდება.
„მათი პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ არ იციან რას ნიშნავს სახელმწიფო. ჰგონიათ, რომ რაღაც „ჯიგრული სიტუაციაა“ და „ჯიგრული სახელმწიფოა“, სადაც ერთი ჯიბიდან ამოიღებენ ფულს და მეორეში გადადებენ ან სადაც მოუნდებთ იქ გადარიცხავენ“ – აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, „ჯიგრული სახელმწიფოს“ პერიოდი საქართველომ შევარდნაძის დროს გაიარა და უკან დაბრუნება თეორიულადაც გამორიცხულია, რაც „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მიიღო. ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, კალაძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ედება ბრალი.
