პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველო“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გააუქმოს მინისტრის გრიგოლ ვაშაძის
ბრძანება, რომელიც პარტიის ლიდერის გიორგი ლაღიძის განცხადებით, ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ზღუდავს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს გიორგი ლაღიძემ განუცხადა, მინისტრის ბრძანების თანახმად, თითოეულმა ემიგრანტმა საქართველოს საელჩოში საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა უნდა წარადგინოს, რაც ლაღიძის განცხადებით, შეუძლებელია, რადგან უამრავი მოქალაქე საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრობს.
„ეს ბრძანება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ვერ ჩატარდება. მოვუწოდებ სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს ბრძანება და ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ“ - განაცხადა ლაღიძემ და დასძინა, რომ თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საკონსულო აღრიცხვისთვის სხვა დოკუმენტებთან ერთად, საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა უნდა წარადგინონ.
,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საგარეო საქმეთა მინისტრის გასული წლის ბრძანებაში გრიგოლ ვაშაძემ ცვლილება 11 ივლისს შეიტანა.
ცვლილების თანახმად, საკონსულო აღრიცხვის მისაღებად, უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შესაბამისი განცხადებისა და ფოტოსურათის გარდა, საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა უნდა წარადგინონ.
