პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ის მნიშნელოვანი ცვლილებები შეაჯამა, რომელსაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მისი ინფორმაციით, მომავალი წლისთვის 160 მილიონი ლარით იზრდება საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტი. მისივე განცხადებით, განათლების ბიუჯეტის მატების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ინფრასტრუქტურულ კომპონენტს.
„წელს ქვეყნის მასშტაბით დასრულდა 50 სკოლის მშენებლობა და მათგან 20 სკოლა მთლიანად სახელმწიფო რესურსით აშენდა. 2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის ნაწილში გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ყველაზე პრიორიტეტულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მეორე უმნიშვნელოვანეს სიახლედ კომიტეტის თავმჯდომარემ დაასახელა ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსების ზრდა 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე.
„ეს გახლავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან თანამშრომლობისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა გადაჭრილია.
„კანონში წელს მიღებული ცვლილებებით სპეც-პედაგოგები ხდებიან მასწავლებლის სქემის ნაწილი და მათი შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად ფინანსური გარანტიებიც უკვე გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მან ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროგრამული კომპონენტების შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2019 წელს იგეგმება საჯარო სკოლების უფრო მასშტაბური აღჭურვა კომპიუტერებით, პროექტორებით, ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსებით და ინტერნეტ ქსელით.
მისივე განცხადებით, 37 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით.
მარიამ ჯაშმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების დაფინანსებაზე, რომელიც 2018 წელთან შედარებით 20.3 მლნ-ით იზრდება. ეს მას უაღრესად მნიშნელოვან პირობად მიაჩნია ახალმიღებული პროფესიული განათლების კანონის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად.
„ახალი კოლეჯები აშენდება მარნეულში, ხაშურში, მარტვილში, წყალტუბოსა და ჩოხატაურის რაიონებში და ეს განათლების სამინისტროსთან ერთად ჩემი კოლეგების - მაჟორიტარი დეპუტატების დამსახურებაა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტში პირველად არის გათვალისწინებული როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში სტუდენტების სახელმწიფო ვაუჩერით დაფინანსება. მისი თქმით, ეს ცვლილებაც წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემის საპასუხოდ მოხდა, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გარემო დანერგილიყო საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს შორის.
მისი შეფასებით, ეს ნაბიჯიც ინტენსიური მუშაობის შედეგია პროფესიული განათლების სისტემაში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან. 2019 წელს ბიუჯეტით დაახლოებით 15,600 სტუდენტის სწავლა დაფინანსდება, მათ შორის კერძო კოლეჯების 3,000 სტუდენტის.
მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გადახედვა როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ასევე ზოგადად მეცნიერების დაფინანსების პრინციპების.
მისივე განცხადებით, რამდენიმე თვის წინ მოხდა ევროკომისიის და ჰორიზონ-2020 რეკომენდაციების შეჯერება საქართველოში სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიების დაფინანსებისა და ხარისხი გაუმჯობესების კუთხით. კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის შემდგომი მოსმენისთვის ან 2019 წლის ბიუჯეტის შუალედური მიმოხილვისთვის კომიტეტს ექნება კონკრეტული წინადადებები.
მარიამ ჯაშმა კულტურის სფეროს ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 4 მილიონიანი ზრდის შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 12.5 მლნ ლარს შეადგენს.
„შარშან, როდესაც ჩვენ ვამტკიცებდით 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 17 მლნ ლარის რესურსს ფრანკფურტში საქართველოს კულტურის წარსადგენად - ჩვენი ერთობლივი პოზიცია იყო, რომ მაქსიმალურად უნდა შენარჩუნებულიყო ეს რესურსი 2019 და შემდგომ წლებშიც“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი მოსაზრებით, ინფრასტრუქტურულ ნაწილში დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზებაა საჭირო ქართული თეატრისა და კინოს ინდუსტრიისათვის, მათ შორის, ინკლუზიური თეატრების დასების მდგრადობისათვის. მისივე თქმით, საქართველოს უკვე აქვს კონკრეტული გამოცდილება, უნიკალური პროექტები, რომელიც შეიძლება გახდეს ინკლუზიური თეატრის ბრწყინვალე მაგალითები.
კულტურის სფეროში კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აფხაზეთის ა/რ მთავრობის დაფინანსების გაზრდის მნიშვნელობას. აღნიშნული ეხება სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრი.
„ოთხივე ორგანიზაცია საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას, თუმცა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი, რომლის დაფინანსება განსაკუთრებით მწირია და რომელიც უდიდეს საქმეს ეწევა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მან რამდენიმე მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია, რომ გადაიჭრას უახლოეს პერიოდში.
„სასწრაფოდ გადასაწყვეტია ჩვენი ინტელექტუალური მემკვიდრეობის ფონდის - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობის საკითხი. ასევე დაუყოვნებლივ გადასაწყვეტია არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობის საკითხი.
მარიამ ჯაში გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლას C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველაზე უნიკალურ, მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო პროექტსაც კარიტიკებენ“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, 2015 წელს დაიწყო სოვალდის პროგრამა 10,000 პაციენტისათვის და წელიწადნახევარია, რაც ამოქმედდა ჰარვონის კომპონენტი ყველა პაციენტისათვის. დღეისათვის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, უკვე ტესტირებულია 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი, მკურნალობა გაიარა 50,000-მდე პაციენტმა. მათი 98% განიკურნა.
„პროგრამის 1-ელ ფაზაში უკვე გაიარა ტესტირება მილიონ ნახევარმა ადამიანმა, ანუ ჩვენი მოსახლეობის 40%-ზე მეტმა.
ტესტირების შემდგომ სრული დიაგნოსტიკური პროცესი და მკურნალობა დაასრულა 50,000-მა ადამიანმა, ანუ პაციენტთა საერთო სავარაუდო რიცხვიდან 150,000-დან ერთმა მესამედმა.
ჩვენ წინ გვაქვს 2 წელიწადზე მეტი და აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისათვის ჩვენ გავხდეთ მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტი იქნება აღმოფხვრილი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, ყველაზე პესიმისტურ სცენარშიც კი საქართველო მაინც იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ყველაზე ახლოს მივა ელიმინაციასთან 2020 წელს. „ გადაჭარბების გარეშე, მსოფლიოს საზოგადოება გლობალური მასშტაბით უყურებს საქართველოს მაგალითს და მე ვფიქრობ, რომ წარმატება ნამდვილად გარდაუვალია“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მან დავით სერგეენკოს, ამირან გამყრელიძეს და თენგიზ ცერცვაძეს მადლობა გადაუხადა ამ ისტორიული პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.
გამოსვლის დასასრულს, მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებს დაუბრუნდა:
„მიუხედავად 160 მლნ ლარით დაფინანსების ზრდისა, თუკი გვინდა რომ ფუნდამენტური ცვლილებები მოვახდინოთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში, გვჭირდება ფუნდამენტურად გაზრდილი ფინანსური რესურსების ალოკაცია აღნიშნული მიმართულებებით. ჩვენი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, საქართველო მხოლოდ საკუთარი სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით ვერ შეძლებს ყველა ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ მინდა დავუდასტურო ფინანსთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კომიტეტის მზაობა, რომ მაქსიმალურად ჩავერთვებით საერთაშორისო საგრანტო რესურსების მობილიზაციის პროცესში“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
