საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს ყველა ფაქტი შეფუთოს, როგორც პოლიტიკური დევნა.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა „ნიუსპრესს“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ფეხბურთელი კახი კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების ფაქტის შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, ფინანსური შეზღუდვები ხდება მაშინ, თუ ეს რესურსები პოლიტიკაში უკანონოდ მიემართება და საარჩევნო პროცესებში კორუფციას უწყობს ხელს.
„პირად ქონებას არავინ არ შეეხება თუ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს. უბედურება ის არის, რომ ოპოზიციაში თავს იყრიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოსთან და კანონთან პრობლემები აქვთ და პოლიტიკაში მოსვლით იმუნიტეტის მიღებას ცდილობენ“ – დასძინა დეპუტატმა.
დარჩიაშვილის თქმით, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია და კალაძის შემთხვევაშიც მისი დაცვა აუცილებელია, რადგან არის თუ არა ის დამნაშავე, ამას სასამართლო გადაწყვეტს.
„შეიძლება ის უდანაშულოც აღმოჩნდეს, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ადამიანები თავიდანვე ცდილობენ, ყველაფერი პოლიტიკურ დევნად შეფუთონ“ – აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
ამასთან, მმართველი პარტიის წევრი განმარტავს, რომ ევროსაბჭოს ერთ–ერთი ბოლო ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკურ დევნად და პოლიტიკურ პატიმრობად ითვლება არა ის პოლიტიკოსი, რომელიც დანაშაულშია შემჩნეული და მისთვის ხელის ხლება არ შეიძლება, არამედ ის, თუ ამ პოლიტიკოსის მიმართ დანაშულთან შედარებით უფრო მღალი სასჯელი გამოიყენება და მისი დევნა გამორჩეულად ხდება.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მიიღო.
ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, კალაძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ედება ბრალი, თუმცა, ადვოკატი განმარტავს, რომ კალაძე საქმეში როგორც ბრალდებული არ ფიგურირებს, შესაბამისად, კანონით მისი დაკავება არ უნდა მოხდეს.
