ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
12:45 14.11.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს ვილსონს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რაც ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებულ რეზოლუციაშიცაა ასახული. თავის მხრივ, როს ვილსონმა აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში კიდევ უფრო გააქტიურდა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად რეგიონში არსებული მრავალი გამოწვევისა, საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის. ამ კონტექსტში, მხარეებმა საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების რეფორმებზე ისაუბრეს.

საუბარი, ასევე, საპრეზიდენტო არჩევნებს, წინასაარჩევნო კამპანიასა და მეორე ტურისთვის მზადების პროცესს შეეხო. ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კანდიდატები მონაწილეობენ, ნათლად ადასტურებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზაზე მიაღწია.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ბეჭდვა