პოლიტიკურ პარტიას „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტია.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიაში ჯერ მსჯელობა მიმდინარეობს, რადგან მიიჩნევენ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ვერ ჩატარდება.
„მინდა გითხრათ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამართლიანი არჩევნების ჩატარება, თითქმის, შეუძლებელია. არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე პარტიაში მსჯელობა ისევ მიმდინარეობს“ - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ 25 ათასი ხელმოწერის შეგროვება სწორედ პარტიის მთავარი საბჭოს წევრს ზაზა სოფრომაძეს ევალებოდა, რომელიც ამ წუთებში პროკურატურაში მოწმის სტატუსით იკითხება.
რაც შეეხება სოფრომაძეს, პარტიის ინფორმაციით, მას გამთენიისას სახლში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები შეუცვივდნენ და წაიყვანეს. რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სოფრომაძე ძველ საქმიანობასთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით იკითხება. სავარაუდოდ, საქმე ეხება სოფრომაძის მიერ სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფში” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორად მუშაობის პერიოდს. თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ჯერ ცნობილი არ არის.
