ბაღათურია ბანკებში საპროცენტო განაკვეთის დაწევას ითხოვს
ბაღათურია ბანკებში საპროცენტო განაკვეთის დაწევას ითხოვს
13:07 27.07.2012
პარტია „ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ბანკებში საპროცენტო განაკვეთის დაწევას და მოსახლეობის პრობლემური სესხების სახელმწიფოსგან გამოსყიდვას ითხოვს.
ამის შესახებ ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საბანკო სექტორთან პრობლემების მქონე მოქალაქეები დაესწრნენ.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, ბანკებს იმდენად მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ჯარიმები აქვთ, რომ განვადებით გამოტანილი ტელეფონის პროცენტის არ გადახდის გამო, შესაძლოა, პირს სახლიც კი გაუყიდონ.
„არსებობენ ადამიანები, რომლებმაც 500 ლარიანი ტელეფონი განვადებით გამოიტანეს და მას შემდეგ, რაც პროცენტის გადახდა ვერ შეძლეს, დავალიანება 11 ათას ლარმადე ავიდა“ - აღნიშნა ბაღათურიამ.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, „ლიბერთი ბანკი“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაა, პენსიონერების ხარჯზე ფულს აკეთებს.
„საპენსიო უზრუნველყოფისთვის „ლიბერთი ბანკს“ 36% აქვს დაწესებული. მსგავს უსინდისობას მევახშეებიც კი არ კადრულობენ“ - აღნიშნა ბაღათურიამ და აქვე დასძინა, რომ აუცილებელია საბანკო სექტორის რეფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაბალი საპროცენტო განაკვეთის და იაფი პროდუქტის შემოღება.
დღესვე, ჯონდი ბაღათურიამ ხელისუფლებისგან პრობლემური ვალების გადახდა მოითხოვა, რომლის ოდენობაც წინასწარი ინფორმაციით, 600 მილიონ ლარს შეადგენს.
ბაღათურიას თქმით, სახელმწიფოს მოსახლეობის ვალების გადახდის საშუალება გააჩნია, თუ სააკაშვილის ფანტაზიების ასრულებას, რომელიც ლაზიკას მშენებლობას უკავშირდება, შეწყვეტენ. ასევე, მისი თქმით, უნდა შეჩერდეს ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა და მომღერლების ჩამოყვანა და მათი დაჯილდოება.

ბეჭდვა