მთავრობის კანცელარიასთან კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ დღეს ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი კომპანიების დაყადაღების ფაქტები გააპროტესტა.
როგორც აქციაზე მოძრაობის თავმჯდომარემ ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა, ხელისუფლება ორმაგი წესებით თამაშობს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთი მხრივ, ის დასაქმების სტქრუქტურას ქმნის და მეორე მხრივ, აყადაღებს კომპანიებს და ათასობით ადამიანს უმუშევრობის საფრთხის წინაშე აყენებს.
„არ შეიძლება, რომ კომპანიები ერთი ადამიანის კაპრიზის გამო იხურებოდეს“ - განაცხადა ზურაბიანმა.
მისი თქმით, თუ ადამიანი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მას სამსახურიდან ათავისუფლებენ და დევნიან.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა ძაგნიძემ განაცხადა, „ელიტა ბურჯი“ და „ბურჯი“ და სხვა დაყადაღებული კოპანიები ნათელი მაგალითია ხელისუფლების მიერ ბიზნესზე ტერორისა.
მისი თქმით, მხოლოდ „ელიტა ბურჯის“ და „ბურჯის“ დაყადაღებით, ხელისუფლებამ 1 600 ადამიანი უმუშევრობის საფრთხის წინაშე დააყენა.
„ხელისუფლება არეკეტებს თავისუფალი ბიზნესს და ამავე დროს, პიარს აკეთებს თითქოს, ხალხის დასაქმებაზე ზრუნავს“ - განაცხადა ძაგნიძემ.
როგორც ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ ისინი, არ შეურიგდებიან ხელისუფლების ამ ქმედებებს და მსგავსი აქციებით და სხვა დემოკრატიული და კონსტიტუციური გზით ხელისუფლებაზე ზეწოლას განახორციელებენ.
დღეს მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე ათეული ახალგაზრდა იყო შეკრებილი, რომლებმაც აქციაზე პლაკატების სახით “ელუტა ბურჯისა“ და “ბურჯის“ მიერ განხორციელებული პროექტები წარადგინეს.
