პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა - კახი კალაძემ, გოგი თოფაძემ, ზვიად ძიძიგურმა და ზურაბ აზმაიფარაშვილმა რუსთავში, „ქიმიკოსთა სახლში" ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც კოალიციის სამომავლო გეგმაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას კალაძემ აღნიშნა, ბოლო 9 წლის განმავლობაში საზოგადოებას უამრავი დაპირება მოუსმენია, თუმცა, მათი ნახევარიც არ შესრულებულა, ამდენად, შესაძლოა, ხალხს დაპირებების მიმართ უნდობლობა გაუჩნდეს. კალაძემ რუსთაველებს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული საქმეების ნდობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხალხისთვის მიცემულ ყველა პირობას აუცილებლად შეასრულებს.
„ჩვენ ისეთ რამეს არ დაგპირდებით, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია. მეც და ჩემს თანაგუნდელებს ისე გვიცხოვრია, უკან მოხედვის არ გვრცხვენია“-განაცხადა კალაძემ.
რუსთაველებს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიმა ზვიად ძიძიგურმაც მიმართა. მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში გამოჩენილმა ბიძინა ივანიშვილმა თითქმის შეუძლებელი შეძლო - მან ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ერთი კოალიციის გარშემო გააერთიანა. მისივე თქმით, ივანიშვილის მხარდამჭერების რიცხვზე კოალიციის აქციებზე მისული ხალხის რაოდენობაც მეტყველებს.
„როდესაც შენთან შესახვედრად თბილისში 150-200 ათასი კაცი გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის 10-ვე ოლქი მოგებულია. 27 მაისს თბილისმა ეს განაცხადა“ - აღნიშნა ძიძიგურმა და დასძინა, რომ ანალოგიური ვითარებაა სხვა რეგიონებშიც.
ძიძიგურის განცხადებით, ბოლო დრომდე ივანიშვილი ქველმოქმედებას აფიშირების გარეშე ეწეოდა.
„ამ კაცის გაკეთებულ სიკეთეებს ყველაგან ნახავთ. ხშირ შემთხვევაში ვერავინ იგებდა ვინ გააკეთა ეს სიკეთე. მარტო 1 000-მდე ეკლესია ვიცი, რომელსაც ივანიშვილმა რესტავრაცია ისე ჩაუტარა, რომ ხმა არ ამოუღია“-განაცხადა მან და დასძინა, რომ ხელისუფლება ივანიშვილს სიკეთის კეთებას და ქველმოქმედებას არ პატიობს.
„იცით თუ არა, რომ მთელ საქართველოში ყველა სკოლის გათბობა და კარ-ფანჯარა ივანიშვილის გაკეთებულია? პატრულის ყველა მანქანა მისი ნაყიდია და ბენზინსაც ის უსხამდა. დღეს პატრულის მანქანები ისე ხშირად აღარ დადიან, რადგან ბენზინის ფულიც აღარ აქვთ“-აღნიშნა მან.
