საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა
15:05 08.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა სექტემბერში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რაც ორმხრივი მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების კუთხით იაპონიის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას წარმოადგენს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის მიმდინარე ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების (BIT) მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში მხარეები აღნიშნულ პროცესს დაასრულებენ. ტადაჰარუ უეჰარამ ხაზი გაუსვა, რომ საინვესტიციო შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოში იაპონიიდან მეტი ინვესტიციის მოზიდვას დაეხმარება.

შეხვედრის დასასრულს იაპონიის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას დაკავებულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას კვლავ განაგრძობენ.

ბეჭდვა