სოფიო ქაცარავა: ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რაც „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს“ გააჩნია
სოფიო ქაცარავა: ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რაც „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს“ გააჩნია
11:26 08.11.2018
თბილისში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრა მიმდინარეობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მთავრობას შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

ასევე, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება ხელი.

„ჩვენ დიდ ბრიტანეთთან განსაკუთრებით ახლო და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც გამოიხატება მათი მხრიდან სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერაში საქართველოს მიმართ. ამ ურთიერთობებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ამყარებს, რომელიც ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დიალოგში ჩართულია როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების შტოები, რაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყენებს ფორმატის მნიშვნელობას. დიდი ბრიტანეთი საქართველოს ყოველთვის უჭერდა მხარს. მათ განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაში, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ კონტექსტში. ისინი საქართველოში არსებულ ვითარებას კარგად აცნობიერებენ. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მაღალ დონეზე წარმოჩენაში დიდი ბრიტანეთს როლი ფასდაუდებელია. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რაც გააჩნია „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს“ და ამისთვის მზად ვართ ყველა საჭირო ნაბიჯისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა პოსტ-ბრექსიტის პერიოდში, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენს ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში“, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, სოფიო ქაცარავამ.

ბეჭდვა