პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ არჩევნებისთვის ემზადება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტიის გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ განუცხადა.
მისი თქმით, პარტია არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციის დეკლარირებას უახლოეს ხანებში მოახდენს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივნის განცხადებით, პარტია საკუთარ პრინციპებს არ ღალატობს და წინასარჩევნოდ დამძიმებული გარემოს შეცვლაზე კვლავ აქტიურად მუშაობს.
„როგორც ადრე ვვარაუდობდით, წინასაარჩევნო გარემო არათუ სასიკეთოდ იცვლება, არამედ უარესდება. როგორც აქამდე ვიბრძოდით საარჩევნო გარემოს შესაცვლელად და ჩვენი შესაძლებლობების გამოყენებას ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალას ვთავაზობდით, ასევე, ვაგრძელებთ ბრძოლას და ამ პრინციპს ვინარჩუნებთ“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ყოლბაიამ.
მისი ცნობით, „დემოკრატიული მოძრაობა“ ამ დროისთვის რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან მართავს მოლაპარაკებებს.
„დეტალები ზუსტდება ჩვენს შესაძლო პარტნიორებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ალიანსის ჩამოყალიბებაზე საუბარი არ არის, რადგან ალიანსის ჩამოყალიბებას ბევრი ნიუანსის დაზუსტება სჭირდება“- განაცხადა ყოლბაიამ და დასძინა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ მოლაპარაკებების გამართვას არცერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან არ გამორიცხავს.
„ჩვენ არავის კონკურენტები არ ვიქნებით, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ჯამში ყველა ოპოზიციური ძალა თავის თავში პოლიტიკურ ნებას იპოვის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება ყველა მიმართულებით იქნას მიღწეული. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენი სურვილია“- განაცხადა ყოლბაიამ.
