ლუისვის ვან დერ ლაანი - არჩევნებში მოგებას ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ სწრაფვას ნუ შეალევთ
ლუისვის ვან დერ ლაანი - არჩევნებში მოგებას ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ სწრაფვას ნუ შეალევთ
18:33 26.07.2012
ევროპის ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსი საქართველოს მთავრობას სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
ევროპელმა ლიბერალ-დემოკრატებმა ეს მოწოდება Amnesty International-ის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ მოხსენებაზე გამოხმაურების ფარგლებში გააკეთა, სადაც ორგანიზაცია საქართველოში ვითარების გაუარესებაზე საუბრობს.

მათი ეს განცხადება სოციალურ ქსელ „facebook”-ზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ევროპის ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსის ვიცე-პრეზიდენტი ლუისვის ვან დერ ლაანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არჩევნებში მოგებას ნატო-სა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებისკენ სწრაფვა არ შეალიოს.

„ორგანიზაცია „Amnesty International“-ის ბოლო მოხსენებაში აღნიშნული ფაქტები - პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის თაობაზე დაუშვებელია, განსაკუთრებით კი ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირთან ახლო თანამშრომლობისკენ ისწრაფის. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გვაშფოთებს ოპოზიციაზე განხორციელებული მუდმივი ძალადობის ფაქტები“ - განაცხადა ლუისვის ვან დერ ლაანმა.

ბეჭდვა