შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ქონებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.
"ვანო მერაბიშვილი როგორი გაღლეტილიც იყო როდესაც გავიცანი, როდესაც მამამისის კამაზი მთელი მათი ოჯახის შემოსავალი იყო, ეჭვი მაქვს, ისეთივე გაღლეტილია დღესაც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის დედა იმავე სახლში და იმავე პირობებში ცხოვრობს, სადაც მერაბიშვილი იზრდებოდა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მერაბიშვილის სახლიდან 200 მეტრში რამდენიმე ქრისტიანული ეკლესია, ჯაყელების ისტორიული სასახლე და ტურისტული მნიშვნელობის ობიექტები კეთდება.
"ამიტომ ვანო მერაბიშვილმა შეიძლება თქვას, რომ ის მდიდარია. ის იმავე სახლში ცხოვრობს, მაგრამ მის სახლის გვერდზე მოხდა ახალი სასწაული. ამის ინიციატორი იყო ვანო და მე მას, ამას არასოდეს არ დავუკარგავ" - განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატებისას.
ვანო მერაბიშვილის სახლის ფოტო პრეზიდენტს პარლამენტში დებატებზე გია ცაგარეიშვილმა გადასცა.
