დღეს, ეკა ბესელიას წიგნის „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის” პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, ეკა ბესელიას წიგნის „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის” პრეზენტაცია გაიმართება
09:47 06.11.2018
საქართველოს პარლამენტში დღეს,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას წიგნის „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის“ (ნიმუშების კრებული) პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითაა შექმნილი.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი, გიგი ბრეგაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ღონისძიების მონაწილეებისთვის წიგნის პრეზენტაციას გამართავს. კრებული განკუთვნილია პარლამენტისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და ყველასთვის, ვისაც აინტერესებს როგორ უნდა მუშაობდეს საკანონმდებლო ორგანო.

წიგნში შეკრებილია პრაქტიკული დოკუმენტები და ნიმუშები, რომელიც კრებულის ავტორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ 2013 წლიდან დღემდე შექმნა. კრებულში მოცემული დოკუმენტები საპარლამენტო კომიტეტებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება.

წიგნის გამოცემა ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს.

ბეჭდვა