საზოგადოებრივი მოძრაობა „9 აპრილის საზოგადოება“, დუშეთში ჟურნალისტ ნაზი შამანაურის მემორიალური მუზეუმის აღდგენას ითხოვს და ამ მიზნით,
მოძრაობის თავმჯდომარემ თამაზ ბიბილურმა დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის სახელზე წერილი შეიტანა.
ბიბილურის განცხადებით, დუშეთის საკრებულომ 1996 წელს მიიღო გადაწვეტილება, რომ სახლში, სადაც შამანაური ცხოვრობდა მისი სახლ-მუზეუმი გახსნილიყო.
„გასულ წელს დუშეთის მუნიციპალიტეტს შამანაურის სახლ-მუზეუმის აღდგენის თხოვნით მივმართეთ. თუმცა, ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი წერილი მოპარულია. საკრებულს თავმჯდომარემ ცარო საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ შენობა მათ ბალანსზე არ არის და შამანაურის სახლის ერთ ნაწილში შეჭრილ ვინმე დათოშვილს გამოსვლას ვერ აიძულებენ“ - განმარტა ბიბილურმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „9 აპრილის საზოგადოების“ თავმჯდომარე პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს და საკრებულოს თავმჯდომარის საძაგლიშვილის მიერ საკითხისადმი უპასუხისმგებლო მიდგომისთვის, თანამდებობიდან მისი გადაყენებისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა, ბიბილური შსს-სგან მოითხოვს საკრებულოდან მათი წერილის ქურდობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრას, ხოლო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან - შამანაურის მუზემუმის აღსადგენად ქმედით ღონისძიებებს.
ბიბილურის ინფორმაციით, ჟურნალისტი ნაზი შამანაური საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ წერდა. 1982 წლის ჩარგალში, „ვაჟაობის“ დღესასწაულზე საქართველოს სავალალო მდგომარეობაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ის დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს დედამისი. დუშეთის სასამართლომ დედა-შვილს ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა. მისი თქმით, შამანაურმა საავადმყოფოში 70 დღე იშიმშილა. მიუხედავად ამისა, მას აწამებდნენ ინსულინური შოკებითა და ნეიროლეპტიკების ინექციებით, რითიც მძიმედ დაავადდა. 1983 წელს ის საავადმყოფოს პერსონალმა სასიკვდილოდ სცემა და მეცხრე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
