საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში კანადის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა), კრისტოფერ კუტერთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და კანადას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები საგრძნობლად გააქტიურებულია, რასაც მიმდინარე წლის განმავლობაში კანადიდან საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები ადასტურებს.
განხილულ იქნა სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა. ამ კუთხით მხარეები მიესალმნენ „უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე“ მიმდინარე მოლაპარაკებებს. საუბარი ასევე შეეხო კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. კერძოდ, კანადაში ქართული ღვინის გამოფენის ორგანიზების შესაძლებლობას. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობა.
ვახტანგ მახარობლიშვილმა და კრის კუტერმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმოიხილეს. ქართულმა მხარემ, კანადის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი და აქტიური მხარდაჭერისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. ასევე აღინიშნა, საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული OGP-ის თავმჯდომარეობა, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კანადამ გადაიბარა. ამ თვალსაზრისით, მინისტრის მოადგილემ კანადურ მხარეს წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ორგანიზაციის მიზნების მიღწევის საქმეში კვლავაც აქტიურ წვლილს შეიტანს.
დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ აქტიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გასაღრმავებლად.
