პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს
თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა საერთაშორისო კონფერენციის - „ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში“ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში ქალი მოსამართლეები უმრავლესობაში არიან, მათი მონაწილეობა სისტემის მართვაში დაბალია.
„სასამართლო სისტემაში ქალი მოსამართლეები 54%, კაცები კი 46% არიან, თუმცა ქალი მოსამართლეების მონაწილეობა სისტემის მართვაში ძალიან დაბალია. კერძოდ, 25 სასამართლოს თავმჯდომარიდან მხოლოდ 3 არის ქალი, პალატის 14 თავმჯდომარიდან ასევე, მხოლოდ 3 - ქალი, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებიდან კი მხოლოდ 1 - ქალი.
ეს არის სწორედ „შუშის ჭერი“, როდესაც ქალებს, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ სისტემის შიგნით, უხილავი ბარიერები უშლის ხელს დაწინაურდნენ და სისტემის მართვაში მიიღონ მონაწილეობა“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ სისტემები, სადაც ქალები და კაცები თანაბრად არიან წარმოდგენილი მართვაში, მეტად გამჭვირვალე, ნაკლებად კორუმპირებული და ნაკლებად კლანურია.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, პოლიტიკისგან განსხვავებით, სადაც ქალების რაოდენობა მხოლოდ 15%-ია, სასამართლოში ქალები უმრავლესობა არიან და ამასთანავე, ყველანაირი საჭირო სამართლებრივი ბერკეტი აქვთ.
„საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღო პარლამენტმა და ყველა მოსამართლეს მისცა შესაძლებლობა საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა საბჭოს წევრობაზე.
წარმატებებს ვუსურვებ ქალ მოსამართლეებს და იმედი მაქვს ისინი შეძლებენ დაამსხვრიონ „შუშის ჭერი“ და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ არა მხოლოდ მართლმსაჯულების სწორად განხორციელებაზე, არამედ სასამართლო სისტემის მეტად გაჯანსაღებაზე“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
