პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
14:58 05.11.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრები იმ რეფორმებით დაინტერესდნენ, რომელიც საქართველომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიმართულებით, ასევე მართლმსაჯულებისა და პენიტენციურ სისტემებში და სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირების კუთხით განახორციელა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე, საქართველოში განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმა იყო.

„საკმაოდ წარმომადგენლობით დელეგაციას შევხვდით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე ტაჯიკეთის პარლამენტის წევრები. მათთვის ძალიან საინტერესო იყო ის დინამიკა, რომელიც ჩვენმა ქვეყნამ აჩვენა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, როდესაც ძირეულად შეიცვალა სისტემური მიდგომები და კონსტიტუციურმა ცვლილებებმა საპარლამენტო ძლიერი რესპუბლიკის სრულიად ახალი მოდელი შემოგვთავაზა. გამოცდილების გაზიარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსია შედგა“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.



შეხვედრას ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი და კომიტეტის წევრი, რუსლან პოღოსიანი ესწრებოდნენ.

ბეჭდვა