უფლებადამცველი დაჩი ცაგურია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახსნა-განმარტებას სთხოვს.
როგორც ცაგურიამ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულმა უწყებამ უნდა განმარტოს საკითხები, რომლებიც 2004-2012 წლებში სხვადასხვა ადგილას საზღვრის გადმოწევას ეხება. ცაგურიას თქმით, ამის შედეგად ძირძველი ქართული მიწები სხვა სახელმწიფოების ხელში გადავიდა.
მისი თქმით, სტრატეგიული კვლევების კავკასიურმა ცენტრმა საქართველოს საზღვრების მონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგად, ამ მიმართულებით მძიმე სურათი გამოიკვეთა.
„აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ძირძველი ქართული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი, უმეტესად რუსეთის ფედერაციაზე, ასევე, სხვა მეზობლებზე ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე გაასხვისა“ - განაცხადა ცაგურიამ.
მისივე თქმით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდგომარეობა დღესდღეობით ასეთია - ქართველი მესაზღვრეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მამისონის უღელტეხილის საკონტროლო პუნქტი და ოცი კილომეტრით ქვეყნის სიღრმეში უკან დაეხიათ; თუშეთში დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა საზღვარი თვითნებურად სამი კილომეტრით გადმოწია და 24 კვ.კმ მიიტაცა.
მისივე თქმით, საქართველო-რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული 44 გადასასვლელიდან 24-ს მთლიანად რუსეთი აკონტროლებს.
ცაგურია აცხადებს, რომ საზღვრის გადმოწევის ამ და სხვა შემთხვევებზე ხელისუფლება საზოგადოებას კონკრეტულ და მკაფიო განმარტებებს არ აძლევს და აღნიშნული ფაქტების მიჩქმალვას ცდილობს.
