ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკის საკითხებზე დაკავშირებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკის საკითხებზე დაკავშირებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
13:37 02.11.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია „ნარკოდანაშაული და სისხლის სამართლის პოლიტიკის“ საკითხებზე გამართულ ქართულ-გერმანულ კონფერენციას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარსდგა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პარლამენტის ხედვებზე და მიდგომებზე ისაუბრა და ყურადღება, 2013 წლიდან, ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილა.


„ნარკოპოლიტიკა რომ შესაცვლელია და ამ მხრივ კომპლექსური რეფორმა გვჭირდება, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ეს არის თემა, რომელზეც არ არის განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ როგორი ცვლილებები უნდა გატარდეს, ეს არის დისკუსიის საგანი. 2013 წლის დასაწყისში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პირველი გზავნილი, ამნისტიის დიდ აქტში გამოიკვეთა, როდესაც ყველა მსჯავრდებული ნარკომომხმარებელი ამნისტიის აქტით გავათავისუფლეთ. ჩვენ ამ ქმედებით პირველად დავაფიქსირეთ თუ რა გზას დაადგა კანონმდებელი და როგორი ხედვა ქონდა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. შემდეგი ეტაპი დაიწყო, როდესაც 260-ე მუხლში დავიწყეთ რეალიზაციის და მოხმარების სამართლებრივი შედეგის გამიჯვნა და მისი სასჯელში გამოხატვა, რადგან კანონმდებელი განსხვავებულად უყურებდა მოხმარებისა და რეალიზაციის ფაქტებს. რაც შეეხება მესამე ეტაპს - იგი საკმაოდ გაგრძელდა და ეს არის ეტაპი, სადაც ვართ დღეს. როდესაც დაიწყო მსჯელობა, დისკუსია და ფრაგმენტული განხილვები თუ როგორი უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ნაწილში და ხომ არ უნდა მოხდეს სრული ან ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია მომხმარებლების მიმართ. მეოთხე საკითხი უკავშირდება უფლებების ჩამორთმევას და ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. ვფიქრობ, რომ სასამართლოსთან კონსულტაციების შედეგად ამ საკითხზე შევჯერდებით და სამართლებრივ ნორმას შევიმუშავებთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


კომიტეტის თავმჯდომარემ ნარკოპოლიტიკის საკითხებზე სახელმწიფო მიდგომებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა და ცალკე გამოყო კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც მთავრობის მიერ მომზადდა და მიმდინარე კვირას პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე ყველანაირი სასჯელები გააუქმა, მთავრობამ და პარლამენტმა შეიმუშავა ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებმაც გარკვეულ ჩარჩოში მოაქცია კანაფის მოხმარება. კერძოდ კი, გარდა პირადი სივრცისა, კანონით იზღუდება ყველა საჯარო სივრცეში, შენობა-ნაგებობების სკვერსა თუ ბაღებში კანაფის მოხმარება და ასევე ცალკე სანქციები შემოდის ფსიქოაქტიური ნივთიერებების თრობის ქვეშ ავტომობილის მართვის შემთხვევებზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად განიხილება. მისივე განცხადებით, ზიანის შემცირების და პრევენციის მიზნით, შეზღუდვები 21 წლამდე ასაკის პირებისთვისაც დგინდება.


მოხსენების შემდეგ ქართულ-გერმანული კონფერენცია დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

ბეჭდვა