სააკაშვილი - რომელი ქვეყნის რომელი მთავრობა მოახერხებდა თუნდაც სახლების 70%-ის გაკეთებას ერთ კვირაში
სააკაშვილი - რომელი ქვეყნის რომელი მთავრობა მოახერხებდა თუნდაც სახლების 70%-ის გაკეთებას ერთ კვირაში
14:53 26.07.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ვერცერთი ქვეყნის ვერცერთი მთავრობა ვერ მოახერხებდა იმას, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შეძლო.
ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, თელავში მოსახლეობასთან შეხვედრისას მას შემდეგ განაცხადა, როდესაც ერთერთმა ქალბატონმა პრეზიდენტს უთხრა, რომ სტიქიის შემდეგ 8 დღე გავიდა და მასთან დასახმარებლად ჯერ არ მისულან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კახეთში დაზიანებული სახლების მესამედი ჯერ გაკეთებული არ არის და დასახმარებლად ყველასთან მივლენ.

„ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ ჯერ მისი სახლი არ გადაუხურავთ და რა დროს სკვერიაო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ სკვერები არ გვჭირდება. სკვერებიც გვჭირდება, მაგარი კორპუსებიც, აღმშენებლობაც და ეკონომიკური წინსვლაც“ - მიმართა პრეზიდენტმა მოსახლეობას.

მისივე თქმით, სტიქიამ ხელისუფლებას კახეთის განვითარების ბოლომდე მიყვანის სტიმული მისცა.

„რომელი ქვეყნის რომელი მთავრობა მოახერხებდა თუნდაც სახლების 70%-ის გაკეთებას ერთ კვირაში?! ეს არის ჩვენი მთავრობა და ჩვენი ეფექტურობა“ - აღნიშნა სააკაშვილმა, რომელიც დღეს თელავში თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად იმყოფებოდა.

ბეჭდვა