ლაშა დარსალია მინსკში მიუნხენის კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
ლაშა დარსალია მინსკში მიუნხენის კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
09:54 02.11.2018
მინსკში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ღონისძიების დასკვნით პანელზე სიტყვით გამოვიდა, რომელზეც საუბარი რეგიონში არსებულ კონფლიქტებს შეეხო. პანელზე, ლაშა დარსალიასთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი და მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი, პაველ ფილიპი მონაწილეობდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საკუთარ გამოსვლაში ლაშა დარსალიამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ოკუპირებულ - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, რითიც ევროპული უსაფრთხოების სისტემას საფრთხეს უქმნის. რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების კონტექსტში ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის მიმართ მტკიცე და პრინციპული პოზიციის აუცილებლობას, რომელიც თავისი დესტრუქციული და უკანონო ქმედებებით უხეშად არღვევს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ძირს უთხრის.

ღონისძიების პარალელურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოფილ თანათავმჯდომარესთან, ანტი ტურუნენთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ღონისძიებაში 70–ზე მეტი უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აკადემიური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ბეჭდვა