„ახლები“ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შექმნას მოითხოვენ
„ახლები“ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შექმნას მოითხოვენ
14:04 26.07.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებისგან C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას მოითხოვენ.
ამის შესახებ დღეს
გამართულ ბრიფინგზე „მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჰეპატიტის გავრცელებით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, კერძოდ კი, დაავადებულთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მესამე, ხოლო კავკასიაში პირველ ადგილზეა.
„ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა, ამასთან, ყოველწლიურად დაავადების დაახლოებით 2 000 ახალი შემთხვევა ვლინდება, რადგან C ჰეპატიტის მიმართ ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა ეპიდემიის გავრცელებას ხელს უწყობს“ - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის კატასტროფულად მაღალი ფასები მძიმე ტვირთად აწვება დაავადებულთა ოჯახებს, რადგან ინტერფერონით მკურნალობა 6 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე ჯდება.
„მიგვაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანაში საგანგაშო ვითარებაა და დაუყოვნებელი ზომებია მისაღები. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ უმოკლეს ვადაში შეიქმნას C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ სრულად უნდა დააფინანსოს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად უნდა დაფინანსდეს C ჰეპატიტით დაავადებული მინიმუმ 2 000 პაციენტის მკურნალობის ხარჯი, ასევე, უნდა დაიწყოს ინტერფერონის გენერიკის წარმოება, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს მკურნალობას, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას და დაფინანსდეს ღვიძლის გადანერგვის სახელმწიფო პროგრამა“ - აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, „ახალი მემარჯვენეები“, კლინიკებსა და ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც C ჰეპატიტით დაინფიცირების მაღალი რისკია, სტერილიზაციის წესების დაცვის ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესებას მოითხოვენ.

ბეჭდვა