გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე
სესიაზე (დღის წესრიგის 77-ე საკითხი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ანგარიში“) სიტყვით გამოვიდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კახა იმნაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ებოე-ოსუჯის მიმართ მადლიერება გამოხატა და სასამართლოს ანგარიშს მიესალმა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი უნივერსალურობის გაძლიერება ICC-ს ეფექტური მუშაობისთვის გადამწყვეტი ფაქტორებია, რათა მართლმსაჯულება იმ მძიმე დანაშაულებების წინააღმდეგ განხორციელდეს, რომლებიც საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნიან. ICC-ს როლი არსებულ ეროვნულ სასამართლო სისტემებთან თანამშრომლობა და თავსებადობაა და არა მათი შეცვლა, ხოლო გამოძიების და დამნაშავებიის პასუხისგება უპირველესად ინდივიდუალურად სახელმწიფოების ეკისრება.
კახა იმნაძემ განაცხადა, რომ 2003 წელს რომის სტატუტის რატიფიკაციის შემდეგ საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ეროვნულ დონეზე სტატუტის კანონმდებლობა დანერგილი აქვს. მეტიც, გასული წლის დეკემბერში საქართველოში ICC-ს საველე ოფისი გაიხსნა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებსა და დაინტერესებულ მხარეებს და გაერო-ს უწყბებეს შორის.
დასასრულს, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სასამართლოს ანგარიშის იმ ნაწილის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა, რომელშიც საუბარია 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის გამოძიების პროცესზე და სასამართლოს პროკურორის ოფისის მოწოდებაზე რუსეთის მხარის მიმართ, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
