საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი დოლიძემ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus
Games) მოასპარეზე ქართველი სამხედროების პატივსაცემად, სიდნეიში მიღება გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ელჩმა მოასპარეზეებს სპორტის 7 სახეობაში მონაწილეობისას გამოჩენილი შემართებისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლების მოპოვება კიდევ ერთხელ მიულოცა. ამასთან, ელჩმა ავსტრალიაში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოს გუნდის გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მიღების ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი კონტიგენტის მონაწილეობისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ სიდნეიში მიმდინარე „ძლიერთა თამაშები“ 27 ოქტომბერს დასრულდა. შეჯიბრების ფარგლებში, მჯდომარე ფრენბურთში მოასპარეზე ქართველ სამხედროთა გუნდმა, ფინალურ მატჩში გაერთიანებული სამეფოს გუნდი დაამარცხა და ორგზის ჩემპიონი გახდა.
