პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს.
როგორც ქუცნაშვილმა „ნიუსპრესს“ განუმარტა, კოალიციის „კარდაკარის“ კამპანიის კითხვარებში სპეციალური გრაფა შეიქმნა, რომელსაც უნდა გაერკვია რამდენი მოქალაქე უჭერს მყარად მხარს „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“.„კარდაკარის“ დროს ჩატარებული გამოკითხვის წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ კოალიციის მიმართ მოსახლეობაში ძალიან კარგი განწყობაა და რეიტინგებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება საბოლოო შედეგების გასაჯაროებას, საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწვეტილება კოალიციაში ჯერ არ მიუღიათ.
მისივე ინფორმაციით, შედეგები განსაკუთრებით ღირებულია იმ თვალსაზრისით, რომ „კარდაკარის“ დროს 3 მილიონზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
