დავით ზალკალიანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
14:49 29.10.2018
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გამართა. დავით ზალკალიანმა თურქ კოლეგას თურქეთის რესპუბლიკის დღე მიულოცა და აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი შეხვედრის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა ამ ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამი ქვეყნის კავშირების გაღრმავებისთვის ხაზი გაუსვეს, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო კავშირები და სხვა.

საქართველოსა საგარეო საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩატარება მიულოცა. მისი შეფასებითვე ამ არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ერთგულება დემოკრატიული ფასეულობების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისადმი.

მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთოების მიმდინარე საკითხები მიმოიხილეს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობა, ასევე, თურქეთის მხრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას ხაზი გაესვა. აღინიშნა, საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის თურქეთის მხრიდან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივების შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მაღალი შეფასება მისცეს და ამ ფორმატის ფარგლებში მომდევნო შეხვედრის გამართვის საკითხი განიხილეს.

საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ჩართულობას საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერეგტიკულ პროექტებში კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა. ამ მხრივ აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისა და ტრანს-ანატოლიური გაზსადენის გახსნის მნიშვნელობა. მინისტრებმა საქართველო-თურქეთის წარმატებულ თანამშრომლობას ეკონომიკურ სფეროში ხაზი გაუსვეს და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის შესაძლებლობები განიხილეს.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქ.სტამბოლში იმყოფება, სადაც მონაწილეობას აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატის შეხვედრაში იღებს. ასევე, დავით ზალკალიანი დაესწრება სტამბოლის ახალი, საერთაშორისო აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონიას.

ბეჭდვა