კიტოში, საქართველოსა და ეკვადორს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავისა და
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ეკვადორში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში), ირაკლი ყურაშვილმა და ეკვადორში საქართველოს საპატიო კონსულმა, მანუელ კაკაბაძე ნავარომ მიმართეს.
საქართველოს ელჩმა საქართველოსა და არგენტინას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების დინამიკას გაუსვა ხაზი. ასევე, ირაკლი ყურაშვილმა თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილა, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში გატარებულ დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე.
მიღების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ .
ეკვადორში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, ელჩ აუგუსტო საასთან და ეკვადორის პარლამენტის საგარეო საქმეთა სამსახურის დირექტორთან, კრისტინა კასტრილიონთან შეხვედრა გამართა.
ღონისძიებას, რომელიც ეკვადორში საქართველოს საპატიო კონსულის, მანუელ კაკაბაძე ნავაროს რეზიდენციაში გაიმართა, ეკვადორის მთავრობის წევრები და ეკვადორში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
