თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართუ ჯგუფის“ აქციებისთვის ყადაღის მოხსნაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს
შუამდგომლობას დღეს 14:00 საათზე განიხილავს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს.
„ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსის ალა კახნიაურის თქმით, დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ „ქართუ ჯგუფი“ გუშინვე დატოვა და მის მიერ გათავისუფლებული კადრები თანამდებობებზე დააბრუნა.
„უგულავამ გუშინვე გაუშვა მის მიერ მოყვანილი ხალხი და ისევ ძველი თანამშრომლები დააბრუნა, საკუთარი ინიციატივით“- განუცხადა „ნიუსპრესს“ კახნიაურმა.
„ქართუ ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, ამჟამად, იგი საჯარო რეესტრში იმყოფება და „ქართუ ბანკის“ დირექტორის თანამდებობაზე აღსადგენ დოკუმენტებს არეგისტრირებს.
„ვაბარებ საბუთებს, რომლებიც დაარეგისტრირებს ჩემს უფლებამოსილებას, როგორც გენერალური დირექტორის“- განაცხადა ჯავახიშვილმა.
დროებითი მმართველი „ქართუ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ 12 ივლისს დანიშნა, რომელმაც „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი დაითხოვა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. შესაბამისად, აღსრულების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.7% აუქციონზე გაიტანა, რომელიც 10 ივლისს უშედეგოდ დასრულდა - ქონება არ გაიყიდა.
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რომელიც მან უკვე სრულად გადაიხადა.
