საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
შვეიცარიის ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ამოცანები და დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე მიმდინარე რეფორმები განიხილა. სოფიო ქაცარავამ ევროკავშირსა და ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის დინამიკასა და ეკონომიკური გაძლიერების ასპექტებზე ისაუბრა. ასევე, ტურიზმზე და პარტნიორებთან სავაჭრო ურთიერთობებზე.
„ჩვენ ყველა ის ინსტრუმენტი გვაქვს, რაც ევროკავშირთან პოლიტიკურად გვაახლოებს, ფიზიკურად და სიმბოლურად, ეს არისასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ვიზა ლიბერალიზაცია და სხვა. ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის უსაფრთოხებას და განვითარებას ნიშნავს, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების მიერ დასმული კითხვები საქართველოს საგარეო კურსს, შიდარეფორმებს, ოკუპირებული ტერიტორიებს და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა.
„ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოსთვის წევრობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ყველა სფეროში ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ეხება, საზოგადოებას, სოციალურ საკითხებს და ეკონომიკას. ჩვენ თანმიმდევრულად ყველა ნაბიჯს იმისთვის ვდგამთ, რომ საქართველომ სტაბილური და უსაფრთხო გარემო, სულ უფრო მეტად გაიმყაროს, რადგან ჩვენ განვითარებაზე და პროგრესზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ“-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
