საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საერთაშორისო კრიზისების - ICG ჯგუფის
პრეზიდენტს, რობერტ მოლის შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა და რუსეთის უკანონო ქმედებები, რაც მთელს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის წარმომადგენლებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა გააცნო. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის გააქტიურებულ ძალისხმევას ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობისა და ნდობის აღდგენის ხელშესაწყობად.
ლაშა დარსალიამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ თემებზე საერთაშორისო კრიზისების ჯგუფს აქტიური მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა.
