ირაკლი კობახიძე ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა
13:01 26.10.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რეგიონულ წარმომადგენელს, გაეროს მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელს, იოჰანეს ვან დერ კლაუვს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საარჩევნო გარემო მიმოიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. საუბარი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არსებულ გამოწვევებს შეეხო.

იოჰანეს ვან დერ კლაუვის შეფასებით, დამკვირვებელთა ანგარიშების მიხედვით, საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს და გაეროს აქვს მყარი მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

მხარეებმა ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ირაკლი კობახიძემ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რეგიონულ წარმომადგენელს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა, ასევე, საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი მომავლისკენ“ გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ფედერაციის ობსტრუქციული ქმედებების მიუხედავად, ინიციატივა ნდობის აღდგენაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ირაკლი კობახიძემ იოჰანეს ვან დერ კლაუვს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში გაეროს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობაზე.

ბეჭდვა