საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოს წესდების (რომის სტატუტი) მიღების 20 წლისა და საქართველოს მიერ მისი რატიფიცირებიდან 15 წელთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს მაღალი დონის რეგიონულ სემინარში მონაწილეობა მიიღო.
„საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის ქვეყნების იმ მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის შესახებ სპეციალური კანონი აქვთ, რაც სასამართლოსთან თანამშრომლობას უფრო მოქნილს და ეფექტიანს ხდის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ინტეგრირებულია რომის წესდებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულები, რაც ამ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
