„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს შიდა კვლევების შედეგები გამოაქვეყნოს.
როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ საერთაშორისო სტანდარტები არსებობს, რომლებიც გამჭვირვალობას და სამართლიანობას უზრუნველყოფენ.
„ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პარტიას ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ცნობილ ამერიკულ კომპანია „Greenberg Quinlan Rosner Rerearch”-თან და ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს პერიოდულად აქვეყნებს კიდეც“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დაქირავებული ჰყავს ძვირადღირებული კვლევის კომპანიები “Penn and Schoen” და “The Mellman Group”, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია, ამ კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, დაფინანსების წყარო და მეთოდოლოგია.
„იმედს გამოთქვამთ, რომ „ქართული ოცნება“ დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას შეწყვეტს, რადგან NDI-ს და IRI-ს მიერ ჩატარებულ კვლევები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ასევე, „ქართულ ოცნებას“ აქვს საშუალება გამოაქვეყნოს საკუთარი კვლევის შედეგებიც“ – აღნიშნა მაჭავარინმა.
ამასთან, უმრავლესობის წევრს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიული და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებით იხელმძღვანელებს.
