გიორგი ხანიშვილი: ადგილობრივი განვითარების ჯგუფები სოფლის განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესი რესურსია
გიორგი ხანიშვილი: ადგილობრივი განვითარების ჯგუფები სოფლის განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესი რესურსია
17:14 25.10.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს რვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG), საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციისა (GALAG) და ევროკავშირის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა სოფლის განვითარების თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უმნიშვნელოვანესი რესურსია სოფლის განვითარების საქმეში, რადგან მათი საქმიანობა მოსახლეობის მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდობის, უშუალო ჩართულობას და აქტიურ მონაწილეობას ემსახურება.

შეხვედრაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა, სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის კონტექსტში, მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრეს. ყურადღება სოფლის განვითარების სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით საკითხებზე გამახვილდა.

შეხვედრის ინიციატორები იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს სოფლის განვითარების ქსელი (GRDN), ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).




ბეჭდვა