კონკურენციის არსსა და ფილოსოფიაზე, კონკრეტულად კი სოციალური ბაზრის ეკონომიკის ევროპული
კონცეფციის, რეგულირებისა და კონკურენციის შესახებ ბიზნესის მართვისა და განათლების მიმართულების საერთაშორისო მაგისტრმა, კლაუს იურგენმა დღეს პარლამენტის წევრებისა და საჯარო მოხელეებისათვის გამართულ ლექციაზე ისაუბრა.
ექსპერტის თქმით, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომ სწორად წარმართული კონკურენციის პოლიტიკის მეშვეობით საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდა ხდება. სწორედ თავისუფალი კონკურენცია განაპირობებს საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ფასების რეგულირებას, ხელს უწყობს სიახლეების დანერგვას და პროდუქტიულობის ამაღლებას.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპული გამოცხდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
“დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი გამომდინარეობს ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანიდან, რომ მაქსიმალურად მკაფიო გახადოს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა და დამოკიდებულება ზოგადად კონკურენციის მიმართ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება. ქვეყნებისა, რომლებიც მკაფიოდ საბაზრო ორიენტაციის მატარებლები არიან. გავიგოთ როგორ რეგულირდება იქ კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხები, როგორია იქ არსებული სააგენტოების ფუნქციები, მათი დამოკიდებულება კონკურენციასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ. ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით მოწვეული ექსპერტისგან ამ მიმართულებით მიღებული ინფორმაცია ჩვენ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
ღონისძიება ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის დახმარებით გაიმართა. ლექციას პარალამენტის წევრები, საჯარო მოხელეები, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
