საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“-ს როლზე ისაუბრეს. შეხვედრისას განხილული იყო კომიტეტის მიერ კონკურსის მხარდაჭერის საკითხი.
Meliora - ლათინური სიტყვაა და საუკეთესოს ნიშნავს; კონკურსს Meliora ყოველწლიური სახე ექნება და გამოავლენს და დააჯილდოებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში განხორციელებულ საუკეთესო ინიციატივებსა და პროექტებს.
„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, წელს პირველად იმართება. კონკურსი, ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით იმართება, როგორიც არის: საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), თბილისის მერია, შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG), ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ევროიპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ფინანსთა სამინისტროს აკადემია, აწარმოე საქართველოში და ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA).
წელს კონკურსის ჟიური შედგება წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან, რომლებიც შეაფასებენ ნომინანტებს და გამოავლენენ საუკეთესო CSR-ინიციატივებს. კონკურსის ჟიურიში შედის ცხრა საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, დანიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ბელგიიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება. მას დაესწრებიან როგორც საქართველოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, ისე საერთაშორისო ჟიური, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და სხვა საინტერესო სტუმრები.
კონკურსი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017 -2020) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ოთხი ქართული ორგანიზაციის კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
