ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში პოლიტიკურ დებატებზე მისი მთავრობის მაღალჩინოსნების სახლების ფოტოები გადასცა.
მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის სახლის ფოტოები მაგალითად წარმოადგინა.
ცაგარეიშვილმა ქვეყანაში მონოპოლიის არსებობის დასტურად საწვავის ბაზარი დაასახელა და აღნიშნა, თუ არა მონოპოლია, როგორ ხდება, როცა 5 სხვადასხვა კომპანია, ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე დროს, ერთნაირი ოდენობით საწვავის ფასებს აძვირებს.
"ეს არის კარტელური გარიგება, რომელიც კანონით ისჯება", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მან საკვები პროდუქტების მაღალ ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პური საქართველოში ბევრისთვის ერთადერთი პროდუქტია, ხორცი კი - დელიკატესი გახდა.
