პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ვებსტერის
უნივერსიტეტის რექტორს, უფროს ვიცე-პრეზიდენტს ჯულიან შუსტერს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ვებსტერის და საქართველოს ბიზ ნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტები თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებენ, რომელიც შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
„ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით დაინტერესებულია. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობების ხელშეწყობა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია. მივესალმები იმ მემორანდუმს, რომელიც უნივერსიტეტებს შორის ფორმდება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ტრადიციული უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც უკვე ასი წლის აკადემიური გამოცდილება აქვს. უნივერსიტეტს ასევე ფილიალები ევროპის რეგიონში აქვს - ჟენევასა და ვენაში.
მარიამ ჯაშის თქმით, შეხვედრაზე ასევე, სამეცნიერო და აკადემიური მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტებისთვის ისეთი რანგის უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია , როგორიც არის ვებსტერი. მივესალმებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში მოქმედი აკადემიური ინსტიტუციების უფრო ფართო თანამშრომლობას საქართველოში“, - განაცხადა განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
