დავით ზალკალიანი ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
დავით ზალკალიანი ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
13:04 23.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიქტორას პრანცკიეტისთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ლიეტუვის და საქართველოს ისტორიულად მტკიცე მეგობრობას მაღალი შეფასება მისცეს, რაც ასევე ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობაში აისახება.

დავით ზალკალიანმა ლიეტუვის პარლამენტს ლიეტუვურ ენაზე საქართველოს ავთენტური დასახელების შემოღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს პატივისცემის კიდევ ერთი გამოხატულებაა. თავის მხრივ, ლიეტუვის პარლმენტის თავმჯდომარემ საქართველოს შემხვედრი გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს, ხაზი გაუსვეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ინტენსიურ ურთიერთობებს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ლიეტუვის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დადასტურდა, რაც ასევე ლიეტუვის პარლამენტის მიერ საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ერთხმად მიღებული რეზოლუციით გამოიხატა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე საუბრისას ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ლიეტუვა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც სანცქიები აამოქმედა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირების მიმართ და მადლობა გადაუხადა ლიეტუვას ამ გადაწყვეტილების გამო.

ლიეტუვის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინფორმაცია ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ევროპულ დღის წესრიგზე მიაწოდა, ლიეტუვის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ინიციტივა - ევროკავშირში ინტეგრაციის გზამკვლევი, რომელიც ევროკავშირთან დასაახლოებლად საქართველოს პრაქტიკულ მომზადებას გულისხმობს.

აღინიშნა ლიეტუვის პრაქტიკული დახმარებაც ამ მიმართულებით, რაც ლიეტუვის მიერ ტვინინგის ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელებაში გამოიხატა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და მადლობა გადაუხადა ლიეტუვას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ქვეყანა ყველა საერთაშორისო ფორმატში გრძნობს.



ბეჭდვა