Skype-მა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობა დაიწყო
Skype-მა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობა დაიწყო
16:29 25.07.2012
კომპანია Skype-ის წარმომადგენლების განცხადებით, იურიდიული და ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში, Skype-მა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობა დაიწყო.

როგორც რადიოსადგურ Business FM-ის პორტალი იუწყება, აქამდე კომპანია აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ სისტემაში შეღწევა არავის შეეძლო და მოსმენა გამორიცხული იყო. დაშიფრვის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენების გამო, მომსახურების მონაცემების მოპოვება სპეცსამსახურების მიერ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რის გამოც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რადგან მუშაობაში ხელი ეშლებოდათ.

ანალიტიკური სააგენტოს Telecomdaily-ის გენერალური დირექტორი დენის კუსკოვის თქმით, იქმნება სიტუაცია, როდესაც კომპანიამ ამა თუ იმ სახელწმიფოს სპეცსამსახურებთან კონფრონტაცია უნდა დაიწყოს ან მას დაეთანხმოს.

Skype არ განმარტავს, თუ ვის შესახებ და რა სახის ინფორმაცია მიეწოდება ხელისუფლებას. Google, რომელმაც სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე, ასევე, ვერ თქვა უარი, ნახევარ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს ინფორმაციას მოთხოვნების შესახებ.

ექსპერტები Skype-ის პოლიტიკის ცვლილებას მოსმენებთან დაკავშირებით კომპანიის მესაკუთრის შეცვლას უკავშირებენ. გასული წლის მაისში მისი ახალი მესაკუთრე Microsoft გახდა, ხოლო ივნისში „კანონიერი დაჭერის“ ტექნოლოგიაზე პატენტი მიიღო, ისეთი მომსახურების გამოყენებისთვის როგორიცაა Skype. ეს ტექნოლოგია სეანსის დროს გადაცემული ინფორმაციის ასლის დაფარულად გაკეთების საშუალებას იძლევა.

ბეჭდვა