საჯარო დიპლომატიის საკითხებში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვივიენ ვოკერმა
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან და სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა თემაზე: „დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სტრატეგიული კომუნიკაციები“.
პრეზენტაციის წარდგენისას, მან დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე ისაუბრა, როგორც საფრთხეზე, რომლის წინაშეც შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანა აღმოჩნდეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ამ კონტექსტში მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და მიდეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული ტენდენციები მოიხილა.
მისი თქმით, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ ხელისუფლებამ სწორი გზავნილები შექმნას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
მისივე თქმით, ეს ერთი მხრივ დეზინფორმაციას თავიდან აგვაცილებს და საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მუდმივად სწორ და ობიექტურ ინფორმაციას მიიღებს, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო პარტნიორები ქვეყნის პროგრესს კარგად დაინახავენ, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე დადებითად აისახება.
„საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით, რაც გამოიხატება სახელმწიფო უწყებების მხრიდან სტრატეგიული კომუნიკაციის სექტორის განვითარებით და აქტიური ჩართულობით ამ პროცესში. ამ კუთხით, პარლამენტს გააჩნია უდიდესი პოტენციალი და საჭიროა, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული და პარლამენტმა გააქტიუროს თავისი ჩართულობა სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინაციასა და პოზიტიური ნარატივების ჩამოყალიბებაში. მოხარული ვარ, რომ პარლამენტის მხრიდან არის ასეთი დაინტერესება, რაზეც მეტყველებს დღევანდელი აუდიტორიის ინტერაქცია და აქტიურობა“, - განაცხადა ვივიენ ვოკერმა.
„თანამედროვე სამყაროში პროპაგანდა და დეზინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორი გზა თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ პროცესს, რადგან საზოგადოებისთვის ინფორმაციის სწორი მიწოდება, სწორი მოლოდინების და შეხედულებების ჩამოყალიბება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ როგორი სტრატეგიული კომუნიკაციების არხები უნდა არსებობდეს და როგორი უნდა იყოს მიდგომები იმისთვის, რომ ამ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
