„ჩვენთვის, როგორც ავსტრია-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებისთვის,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლევანდელი წელი. ავსტრიამ, უკვე რამდენიმე თვეა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადმოიბარა და ღირსეულად უძღვება მას.
მისი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ ქვეყნის მხარდაჭერაზე და ჩვენი ძლიერი სურვილია, რომ ავსტრია იყოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ლობისტი არა მხოლოდ მიმდინარე წელს,“ - ამის შესახებ სოფო კილაძემ პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელიც ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს ეძღვნებოდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თავის გამოსვლაში ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის როლს შეეხო. მან, ასევე, მადლობა გადაუხარა ავსტრიის ელჩს, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების აქტიურ მხარდამჭერს.
„იმ ფონზე, როცა მსოფლიოში რუსული საფრთხე ძლიერია და ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის ძლიერ მხარდაჭერას. არავისთვის უცხო არ არის ქართველი საზოგადოების დიდი მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და საბოლოოდ დაიმკვიდროს თავი ევროპულ ოჯახში,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
