„ქრისტიან-დემოკრატები“ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების წარმოებასა და მდინარეების კალაპოტების გაწმენდას ითხოვენ
„ქრისტიან-დემოკრატები“ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების წარმოებასა და მდინარეების კალაპოტების გაწმენდას ითხოვენ
15:47 25.07.2012
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ ხელისუფლებას სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების წარმოებას და მდინარეების კალაპოტების დროულად გაწმენდას სთხოვს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით ასპინძის და ახალციხის რაიონის სოფლებში გლეხები ტიროდნენ, არა მოხლოდ იმის გამო, რომ მათ სახლებს სახურავები გადაეხადა, არამედ, წლების განმავლობაში ნალოლიალვები მოსავალი მთლიანად გაუნადგურდათ.
„ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე, მხოლოდ ამ ადამიანების თანადგომის სურვილით გვინდა ხელისუფლებას კონკრეტული წინადადება შევთავაზოთ. სახელმწიფო ეს არ არის მხოლოდ რეაგირება სტიქიურ მოვლენებზე, არამედ ეს არის პრევენცია სტიქიური მოვლენების შედეგებისა. ამ თვალსაზრისით კი, სახელწიფო სტრუქტურები ფაქტობრივად არაფერს ან ვერაფერს აკეთებენ“ - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, დროა, სახელმწიფომ აღადგინოს და დაიწყოს წარმოება ე.წ. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა და სამოქალაქო ომის დროს აღნიშნული აპარატურა კახეთიდან გაიტანეს.
„როცა ვამაყობთ, რომ გვაქვს „დიდგორი“ და „ლაზიკა“, არმგონია, რომ ქართული სამხედრო-სამშენებლო პოტენციალისთვის ძალიან რთული იყოს ალაზნის ტიპის სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების წარმოება” – განაცხადა თარგამაძემ.
მისივე განცხადებით, მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხები ეფექტურად არ იხარჯება, რისი მაგალითიც კახეთია, სადაც ქვაღორღოთ არის ამოვსებული მდინარეების კალაპოტი.

ბეჭდვა