საპარლამენტი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრის, „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, მთავრობა ხალხის ხარჯზე ერთობა.
როგორც ბაღათურიამ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე აღნიშნა, მთავრობა ხაზინის ქურდობით არის დაკავებული და პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან 60 მლნ ლარი მოპარული და შეჭმულია.
„ფინანსთა მინისტრი პარლამენტის წინაშე გამოვიდა და იცრუა, არ ჩამოთვალა ის ხარჯები, რაც სარეზერვო ფონდიდან არის გაწეული. არ თქვა, რომ სარეზერვო ფონდიდან სტინგის კონცერტზე 2 მილიონი დაიხარჯა, არ თქვა, რომ პლასიდო დომინგოს კონცერტზე 2 მილიონი დაიხარჯა, კრის დე ბურგის კონცერტზე - რამდენიმე მილიონი, ოდენობას მალე დავაზუსტებ. ასევე, არ ჩამოთვალა რამდენი მილიონია დახარჯული პრეზიდენტის ტაშ-ფანდურზე“ – განაცხადა ბაღათურიამ.
ამასთან, მან მინისტრებს შესთავაზა, სამ-სამი მანქანით გადაადგილების ნაცვლად, ორი მანქანა გაყიდონ და ერთით იმოძრაონ.
„ღარიბი ხალხის მდიდარი მთავრობა ხართ, რომელიც ერთობით ხალხის ხარჯზე. რომელი ქვეყნის მთავრობა აძლევს თავს ასეთი მდიდრული მანქანებით სიარულის უფლებას? ლონდონის, დანიის, შვეიცარიისა და უმდიდრესი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერები ველოსიპედით დადიან“ – მიმართა უმრავლესობას და მთავრობას ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
„ქართული დასის“ ლიდერი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასაც შეეხო და განაცხადა, რომ 1 500 ლარი კახელებისთვის სამარცხვონო კომპენსაციაა და იგი მინიმუმ 3–ჯერ უნდა გაიზარდოს.
